სექსუალური შევიწროება

სექსუალური შევიწროება, დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას და აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. სექსუალური ხასიათის ნებისმიერ ქცევას, რომელიც პირის ღირსების შელახვას ისახავს მიზნად, არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება.

სექსუალური შევიწროების ცნება, სახეები, ფორმები და ინდიკატორები

სექსუალური შევიწროების ცნება და სახეები

სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

სექსუალური შევიწროების სახეებია:

მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo):  პირდაპირი ან ირიბი ფორმით ნებისმიერი სახის სექსუალური ქცევის სანაცვლოდ შრომითი ურთიერთობის პირობებთან დაკავშირებული სარგებლის მიღების შეთავაზება ან/და მინიშნება, რომ ის ვერ მიიღებს სარგებელს (მაგ., ჩამოქვეითდება, გათავისუფლდება და სხვა), თუ არ განახორციელებს შემავიწროებლისათვის სასურველ სექსუალური ხასიათის ქმედებას;

მტრული სამუშაო გარემო: სექსუალური შევიწროებით სამუშაო ადგილზე დამაშინებელი, შეურაცხმყოფელი, მტრული ან/და დამამცირებელი პირობების შექმნა.

სექსუალური შევიწროების ფორმები:

სექსუალური შევიწროება შესაძლებელია გამოიხატოს შემდეგი ფორმებით:

სიტყვიერი ფორმით
  • სექსუალური ხასიათის ხუმრობა;
  • სექსუალური ხასიათის კომენტარი ადამიანის გარეგნობის, ჩაცმულობის ან პირადი ცხოვრების შესახებ;
  • კომენტარი ადამიანის სექსუალობის შესახებ;
  • კომენტარი ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ;
  • კომენტარი საკუთარი სექსუალური გამოცდილების/უპირატესობის შესახებ;
  • სექსუალური ხასიათის სახელების დაძახება.
არასიტყვიერი ფორმით
  • სექსუალური ხასიათის ფოტოს/ვიდეოს ჩვენება, მისი გაგზავნა ინტერნეტით, მობილური ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით;
  • სექსუალური ხასიათის ჟესტიკულაციის ჩვენება;
  • სექსუალური შინაარსის ტექსტის ჩვენება. სექსუალური შინაარსის ტექსტის/შეტყობინების გაგზავნა ინტერნეტით, მობილური ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.

ფიზიკური ფორმით

  • სახეზე ან სხეულზე (მაგ., მხარზე, წელზე და ა.შ.) შეხება;
  • ჩახუტება;
  • ჩქმეტა;
  • კოცნა.

ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შეიძლება მოიცავდეს სექსუალური ხასიათის ნებისმიერ ქცევას, რომელიც არასასურველია და მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან/და შეურაცხმყოფელ გარემოს.

სექსუალური შევიწროების ინდიკატორები

ქმედების სექსუალურ შევიწროებად განსასაზღვრად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი ინდიკატორები:

  • ქმედების ხასიათი;
  • მსხვერპლის მიერ სიტუაციის აღქმა;
  • ქმედების ინტენსივობა;
  • ქმედების განმეორებადობა;
  • შემავიწროებლის შესაძლებლობა, მოახდინოს მსხვერპლზე გავლენა;
  • მსხვერპლის დაუცველი მდგომარეობა;
  • შემავიწროებელსა და მსხვერპლს შორის ურთიერთობა, მათ შორის, სამსახურებრივი იერარქია.

ინდიკატორები არ არის ამომწურავი და ერთი ინდიკატორის არსებობაც შესაძლოა საკმარისი იყოს სექსუალური შევიწროების დასადასტურებლად.

სექსუალური ძალადობა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლებიხშირად სექსუალურ ძალადობასაც განიცდიან. აღსანიშნავია, რომ ძალადობრივ ურთიერთობებში მყოფი ქალები შეიძლება ვერ აცნობიერებენ, ან მზად არ არიან, გააცნობიერონ, რომ მათ მიმართ სექსუალური ძალადობა ხორციელდება. ეს შეიძლება სხვადასხვა გარემოებით იყოს გამოწვეული, მათ შორის: 

  • ზოგიერთი ქალი შეიძლება ნებისმიერი სახის სქესობრივ კავშირს (თანხმობით ან თანხმობის გარეშე) „ცოლ-ქმრულ მოვალეობად“ მიიჩნევდეს და ვერ აცნობიერებდეს, რომ ძალადობა დანაშაულია;
  • მსხვერპლი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ მას არავინ დაუჯერებს, ან იფიქრებენ, რომ თავად მოახდინა ძალადობის პროვოცირება; 
  • მსხვერპლს შეიძლება რცხვენოდეს ან ეშინოდეს, რომ შემთხვევის შესახებ შეტყობინებით ოჯახს „ღირსებას’’ შეულახავს; 
  • მსხვერპლმა შეიძლება მხოლოდ მაშინ მიმართოს სათანადო ორგანოებს, როდესაც ძალადობა გაუსაძლისი ხდება, ან უკიდურეს დონეს აღწევს.

როგორც წესი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის თაობაზე აკეთებენ შეტყობინებას სათანადო ორგანოებთან და თავს იკავებენ სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისგან, ან უარყოფენ ასეთი ძალადობის არსებობას. ამასთან, სექსუალური ძალადობა, იქნება ეს ოჯახურ თუ სხვა ინტიმურ ურთიერთობაში, ხშირად ხორციელდება დომინანტური და დამამცირებელი ქცევის პირობებში.

ეს შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ ძალადობას, სექსუალურ შევიწროებას, ადევნებას ან სხვა სახის ძალადობას ინტიმური პარტნიორებისა ან ინტიმურ ურთიერთობაში მყოფი პირების მხრიდან. დამნაშავეები შეიძლება მანიპულაციის უკიდურეს ფორმებს მიმართავდნენ.

მსგავსი სიახლეები

თუ კი თქვენთვის ახლობელი ადამიანი
ძალადობისგან დაცვის შესაძლებლობების გამოყენება და ბარიერები
ძალადობის დაძლევის გზები და მსხვერპლის უფლებები
ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმები
ძალადობა, ძალადობის ნიშნები და ფორმები
სექსუალური შევიწროება
ქალთა შრომა და ქალთა როლი პოლიტიკაში
სექსუალური შევიწროვება სამსახურში
ქალთა მიმართ ძალადობა
თანასწორობა, დისკრიმინაცია
თუ კი თქვენთვის ახლობელი ადამიანი
ძალადობისგან დაცვის შესაძლებლობების გამოყენება და ბარიერები
ძალადობის დაძლევის გზები და მსხვერპლის უფლებები
ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმები
ძალადობა, ძალადობის ნიშნები და ფორმები
სექსუალური შევიწროება
ქალთა შრომა და ქალთა როლი პოლიტიკაში
სექსუალური შევიწროვება სამსახურში
ქალთა მიმართ ძალადობა
თანასწორობა, დისკრიმინაცია